გვარამიას შეწყალება

სახდეპი გვარამიას შეწყალებაზე: ვიმედოვნებთ, ქართველ ხალხს EU-ში გაწევრიანებასთან დაახლოებს

Getty Images

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი მეთიუ მილერი ტვიტერ გვერდზე სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

"შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი შეამცირებს პოლარიზაციას და ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანთან უფრო დაახლოებს".- წერს სახდეპის წარმომადგენელი.

22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა.

2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

კომენტარები