წყალქვეშა ნავის გაუჩინარება

ტიტანიკთან აღმოჩენილი ნარჩენები ნავის უკანა საფარსა და ქვედა კარკასს მოიცავს – BBC-ის წყარო

BBC წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტიტანიკის მახლობლად აღმოჩენილი ნამსხვრევები წყალქვეშა ნავის უკანა საფარსა და ქვედა კარკასს მოიცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ ვრცელდება. აშშ-ის სანაპირო დაცვა ამერიკის დროით სამ საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სანაპირო დაცვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიტანიკის მიმდებარედ ნარჩენების ადგილი აღმოაჩინეს, ექსპერტები ამოწმებენ, ეკუთვნის თუ არა ეს ნარჩენები ტურისტულ წყალქვეშა ნავს, რომელსაც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად გადაჰყავდა და 18 ივნისს გაუჩინარდა.

კვლევითმა ხომალდმა Polar Prince-მა ნავ Titan-ი ეკიპაჟთან კონტაქტი წყალქვეშ გატარებული 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:45 საათზე დაკარგა.

აშშ-ს სანაპირო დაცვის თქმით, მათ პრობლემის შესახებ დაახლოებით 17:45 საათზე – კონტაქტის დაკარგვიდან რვა საათის შემდეგ შეატყობინეს, რის შემდეგაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 

ტურისტული ფირმა OceanGate-ის განცხადებით, ეკიპაჟის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად ყველა ვარიანტს განიხილავენ. სამძებრო სამუშაოებში სამთავრობო უწყებებიც არიან ჩართულნი. 

აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, მიმდინარეობს ე.წ. ზედაპირული ძებნა, იმ შემთხვევაში თუ ნავი ოკეანის ზედაპირზე აღმოჩნდება, მეორე მხრივ, სამძებრო სამუშაოები წყლის სიღრმეში ექოლოკაციით მიმდინარეობს. 

გარდა ამისა, აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კანადურმა ხომალდმა წყალქვეშა ხმოვანი სიგნალები აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა, გაუგებარია თუ საიდან მოდიოდა ხმები, ან რამდენ ხანს გრძელდებოდა

ამის შემდეგ სამძებრო სამუშაოები ხმაურის წარმოშობის ადგილის მოსაძებნად დაიწყეს, თუმცა, ამ ღონისძიებებს შედეგი არ მოჰყოლია. 

წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანიდან ჯერჯერობით 4 ადამიანის ვინაობის შესახებ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია. კერძოდ, ბორტზე იმყოფება 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი, 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე. 

კომენტარები