გაფიცული მაღაროელები

ომბუდსმენი: კომპანიამ გაითვალისწინოს მაღაროელების მოთხოვნები, შესთავაზოს მისაღები პირობები

ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურასა და თბილისში მაღაროელების გაფიცვას ეხმაურება. უწყების მიერ გამოქვეყნებულო ფეისბუქ პოსტში ვკითხულობთ, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია, როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის. 

განცხადებაში სახალხო დამცველის აპარატი კომპანიას მოუწოდებს, მაქსიმალურად  გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და შემჭიდროებულ ვადებში მისაღები პირობების შეთავაზოს.

"სახალხო დამცველი უშუალოდ შეხვდა მაღაროელებს და მოისმინა მათი პრობლემები, ასევე მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში. ჭიათურელი მაღაროელები თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე ათ დღეზე მეტია შიმშილობენ. ასევე, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის არსებული შეუთანხმებლობა მწვავე დაძაბულობას აღწევს და დასაქმებულები მიმართავენ პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის გუშინაც ერთ-ერთ მაღაროელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის. სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ უფრო აქტიურად წარიმართოს მედიაციის პროცესი, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მათთვის მისაღები პირობების შეთავაზება, შეთანხმების მიღწევის მიზნით".- ვკითხულობთ განცხადებაში.

ჭიათურაში მე-16 დღეა, ყველა მაღარო გაჩერებულია – 3 000-მდე გაფიცული მაღაროელი კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ხელფასების ზრდას ითხოვს. მაღაროელები მე-11 დღეა, ჭიათურაში შიმშილობენ, ასევე, მე-2 დღეა, პარლამენტის წინ შიმშილობენ თბილისში ჩამოსული გაფიცული თანამშრომლებიც. 

18 ივნისს ჭიათურაში გაფიცულმა ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. კიდევ ერთმა დასაქმებულმა კი ხელზე თვითდაზიანება მიიყენა. ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა, რომელიც შიმშილობს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა მაღაროელთა 18 ივნისს პროტესტის შესახებ განცხადება გაავრცელა. კომპანია დასაქმებულებს 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნებას და 12-საათიან სამუშაო გრაფიკს სთავაზობს, ამასთან გაფიცულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-ით გაზრდის პირობას აძლევს და ჰპირდება, რომ "მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაიზრდება თანამშრომელთა ხელფასიც". 

რას და რატომ აპროტესტებენ ჭიათურელი მაღაროელები?

კომენტარები