თეა წულუკიანი

თეა წულუკიანს დავა კიდევ ერთმა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანს დავა კიდევ ერთმა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მეგობრებო!

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირმა – SEC Workers Union მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილმა 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე ლიკა მამაცაშვილი სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა ლიკა მამაცაშვილის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილოს სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ლიკა მამაცაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს ლილი მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება.

დიდ მადლობას ვუხდით, დაუღალავი და მაღალკვალიფიციური შრომისთვის, ჩვენ ადვოკატებს: დავით ომსარაშვილს და შალვა ხვთისიაშვილს.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ!

ბრძოლა გრძელდება"! – წერია პროფკავშირის გვერდზე.


წაიკითხეთ სტატია ტაბულას არქივიდან: რა და რატომ ხდება ხელოვნების მუზეუმის თავს

კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაკავებული პოზიციებიდან სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული არაერთი დაწესებულების ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ და პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის, გუგა გოგაძის სარჩელი. ორივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. ამასთან, 9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის გათავისუფლება თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო და კულტურის სამინისტროს მისთვის კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ჩამოქვეითება უკანონოდ ცნო.

კომენტარები