საფრანგეთი

პარიზში აფეთქება მოხდა – 4 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

REUTERS

პარიზის ცენტრში, ქალაქის ლათინური კვარტლის სამხრეთით მდებარე შენობაში, სადაც დიზაინერული სკოლა და კათოლიკური საგანმანათლებლო სისტემის სათავო ოფისი იყო განთავსებული, აფეთქება მოხდა. დაშავებულია სულ მცირე 29 ადამიანი, მათ შორის 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აფეთქების შედეგად ერთი შენობის ფასადი სრულად ჩამოინგრა, მიმდებარე შენობებს კი ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე ჰაერში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიციისა და სახანძრო ეკიპაჟები. ნანგრევებში მიმდინარეობს ძებნის სამუშაოები. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა.

შემთხვევის ადგილას უკვე მივიდა პარიზის მერი ან იდალგოც.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობისთვის გაავრცელა გაფრთხილება, რომ მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ.

კვარტალში, სადაც აფეთქება მოხდა, მაცხოვრებლებს შორის ბევრი სტუდენტია.

განახლება: თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიტიკულად 7 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მხოლოდ 4-მა ადამიანმა მიიღო.

კომენტარები