საქართველო-ევროკავშირი

საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო – EURACTIV-ის მიერ მოპოვებული EU-ს შუალედური შეფასება

Shame Movement / Facebook

გამოცემა EURACTIV-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისიის შუალედური შეფასებით, უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით "კარგ პროგრესს" მიაღწიეს და მომდევნო თვეებში გაწევრიანების პროცესის ერთ ეტაპს დაასრულებენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროგრესისთვის საქართველოსგან  "მეტი ძალისხმევაა საჭირო".

გამოცემის თანახმად, ევროკომისიის შუალედურ შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველომ სრულად შეასრულა12 რეკომენდაციიდან სამი – გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით.

თუმცა, შეფასების მიხედვით, დასავლეთი შეშფოთებულია საქართველოს მიერ დემოკრატიისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის საჭირო ვალდებულებების შესრულებაში უკან დახევით.

EURACTIV-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი საქართველოს სთხოვს კონცენტრირდეს პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა ინდივიდუალურ მიდგომაზე.

"საქართველოს არავითარი პროგრესი არ მიუღწევია მედიის პლურალიზმში, განსაკუთრებით საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მედიის მფლობელების დაცვის ხარისხის ზრდა". – ნათქვამია შეფასებაში გამოცემის ცნობით.

ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ შუალედურ შეფასებას 22 ივნისს წარა

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.


რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები