საქართველოს ეროვნული კინოცენტრი

ქართული კინო საფრთხეშია – 20 ივნისს, 17:00 საათზე კინოცენტრის თანამშრომლები აქციას გამართავენ

დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნიასთან შეხვედრას და ორგანიზაციაში დაწყებული რეორგანიზაციის შეჩერებას ითხოვენ.

"ერთ კვირაზე მეტია, კინემატოგრაფისტები უშედეგოდ ვითხოვთ შეხვედრას კინოცენტრის ახალდანიშნულ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან, რადგან მის მიერ დაწყებული რეორგანიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობა აღძრავს ეჭვებს და ატარებს კინოს ცენზურისა და ჩვენი შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის ნიშნებს.

19 ივნისს, ჩვენ კობა ხუბუნაიას მივმართეთ ფორმალური წერილითაც და ჩვენთან
შესახვედრად, სამშაბათს, 20 ივნისის 18:00 სთ-მდე მივეცით ვადა. ასევე მოვითხოვეთ, შეხვედრის საჯაროობა და მისი გადაცემა ლაივ რეჟიმში ჩვენი ფეისბუქ გვერდიდან “ქართული კინო საფრთხეშია”.

კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის მიმართ ჩვენი უნდობლობა კიდევ უფრო გაამძაფრა 19 ივნისს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს ლეგიტიმურ პროტესტს და უკვე დაუფარავად დევნის თავისუფალ შემოქმედებით აზრს.

ჩვენი მოთხოვნებია:

1. შეჩერდეს მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.

2. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყოს ინიციატორი იმისა, რომ კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე; დაიწყოს კინოცენტრის მართვის ისეთ ფორმაზე მუშაობა, რომელიც უპირობოდ უზრუნველყოფს კინოცენტრის დემოკრატიულ, ავტონომიურ და ჰორიზონტალურ ფუნქციონირებას; მოვალეობის შემსრულებელი თავად იყოს გარანტი პროცესის საჯაროობისა, რომელიც წარიმართება სფეროს წარმომადგენლებთან ღია და მჭიდრო თანამშრომლობით.

სამშაბათს, 20 ივნისს, 17:00 სთ-ზე კინოცენტრის წინ ვიკრიბებით აქციაზე ქართული კინოს დასაცავად!

18:00 საათიდან ვუერთდებით მაღაროელების აქციას პარლამენტის წინ"! – წერია აქციის აღწერილობაში.


საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ  დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.  "დაინიშნოს დემოკრატიულად და არა სამინისტროს მხრიდან სადამსჯელო ღონისძიების აღმასრულებელი ადამიანი".- ამბობენ ისინი. 

კინოცენტრში იყო მისული  პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი  და წამყვანი ბაჩო ოდიშარია, რომელიც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ფორმულასთან საუბარში მან თქვა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ჩაერთვება და მისთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს პროტესტი. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მას უხერხულობას უქმნის ფორმულას "მიკროფონში პასუხის გაცემაა". 

ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაიაა, რომელიც  კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კინოცენტრში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია ცენტრის თანამშრომლებმა ფეისბუკის პირად გვერდებზე კვირას, 11 ივნისს გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებენ. 

რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილ მალევე, ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. 

14 მარტს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი, გაგა ჩხაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. უწყების ცნობით, შიდა აუდიტის სამსახურმა 2019-2020 წლების პერიოდში კინოცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, მათ შორის არის ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, ფინანსური მართვის სისტემის ხარვეზები და სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები.

თავად ჩხეიძე ბრალს უარყოფს.  ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნის პერიოდში მან არაერთხელ გააკრიტიკა თეა წულუკიანი და კულტურის სამინისტროს ბოლოდროინდელი პოლიტიკა. ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე 6 მარტს გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით ეროვნულმა კინოცენტრმა შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსულ გოსფილმოფონდთან, მიზეზი უკრაინაში რუსეთის ჯარის შესვლა გახდა. კინოცენტრს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2016 წლის შემდეგ  რუსეთიდან გოსფილმოფონდში დაცული ქართული ფილმების ასლები მათი გაციფრულებისა და აღდგენის მიზნით ჩამოაქვს.

კომენტარები