რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რუსული დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ, გამოჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უკრაინელი სამხედრო ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფის საქმიანობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, სადაც ის თავადაც ჩანს

მანამდე რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია ზალუჟნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, თითქოს ის ბრძოლაში დაიჭრა და თავის არეში მიყენებული ტრავმის გამო მოვალეობის შესრულებას ვეღარ შეძლებდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი დიდი ხნის განმავლობაში მედიაში არ ჩანდა, რამაც მის მდგომარეობაზე კითხვები გააჩინა. სპეკულაციებმა კიდევ უფრო აქტიური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ზალუჟნი 10 მაისს გამართულ NATO-ს მნიშვნელოვან შეხვედრას არ დაესწრო.

18 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ არ გამორიცხავდა ზალუჟნის საზღვარგარეთ ყოფნის შესაძლებლობას.

"ვფიქრობ, ის საზღვარგარეთ არის, თუმცა შეიძლება, ვცდებოდე". - თქვა პუტინმა.  

"უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი შაპტალასთან ერთად, ჩვენ იმ ჯარისკაცებთან ერთად ვმოქმედებდით, რომლებიც ყველაზე სახიფათო დავალებებს ასრულებენ იმ ადგილებში, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს". - აღნიშნა ზალუჟნიმ. 

ზალუჟნის თქმით, უკრაინული სამხედრო ძალების წინსვლის შესაჩერებლად რუსები მობილიზაციის გაძლიერებას ცდილობენ. ისინი უფრო ინტენსიურად ნაღმავენ ტერიტორიებს და გასამაგრებლად დამატებით სამხედრო რეზერვებსაც იყენებენ. ამის მიუხეადავად, უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტერიტორიები გაათავისუფლონ. 

"ოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს". - წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. 

კომენტარები