ალექსეი ნავალნი

ნავალნიმ სასამართლო პროცესზე პუტინის წინააღმდეგ ახალი კამპანიის დაწყება დააანონსა

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ საკუთარ სასამართლო პროცესზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და უკრაინის ომის წინააღმდეგ ახალი მასობრივი კამპანიის დაწყება დააანონსა

19 მაისს რუსულმა სასამართლომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღძრული ახალი საქმის განხილვა დაიწყო.

საქმის განხილვა მიმდინარეობს მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც ნავალნი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის 9 წლიან სასჯელს იხდის.

ახალი ბრალდებები ნავალნის წინააღმდეგ მისი ანტიკორუფციული ფონდის საქმიანობასა და მისი მოკავშირეების განცხადებებს ეხება. ნავალნის ერთ-ერთი თანამოაზრე, დანიელ ხოლოდნი მელოხოვოს ციხეში სპეციალურად სასამართლო პროცესისთვის გადაიყვანეს.

როგორც ნავალნიმ თქვა, ახალი ბრალდებები ექსტრემიზმის შესახებ სასჯელის სახით 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ის ტერორიზმის ბრალდებით სამხედრო სასამართლოს წინაშეც წარდგება, რომელმაც შესაძლოა თავისუფლების უვადო აღკვეთა მიუსაჯოს.

საქმის განხილვაზე არ დაუშვეს ჟურნალისტები. მათ სასამართლო დარბაზის მიღმა ვირტუალურად მოუწიათ პროცესისთვის თვალ-ყურის დევნება. როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, საქმის განხილვის მოსმენა ჭირდა, რადგან აუდიო გადაცემა დაბალ ხმაზე მიმდინარეობდა. შემდეგ მათ წვდომა სრულებით დაკარგეს, რადგან გამოცხადდა, რომ საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.

პროკურორების თქმით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს, რადგან მათ დაგეგმილ პროვოკაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ნავალნის მხარდამჭერები იუწყებიან, რომ ეს მტკიცება მცდარია. 

კომენტარები