ალექსეი ნავალნი

რუსეთის სასამართლომ ნავალნის წინააღმდეგ აღძრული ახალი საქმის განხილვა დაიწყო

ალექსეი ნავალნი მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამართულ სასამართლო პროცესზე, 2023 წლის 19 ივნისი
AP Photo/Alexander Zemlianichenko

19 მაისს რუსულმა სასამართლომ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ აღძრული ახალი საქმის განხილვა დაიწყო.

საქმის განხილვა მიმდინარეობს მელეხოვოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, სადაც ნავალნი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის 9 წლიან სასჯელს იხდის.

ახალი ბრალდებები ნავალნის წინააღმდეგ მისი ანტიკორუფციული ფონდის საქმიანობასა და მისი მოკავშირეების განცხადებებს ეხება. ნავალნის ერთ-ერთი თანამოაზრე, დანიელ ხოლოდნი მელოხოვოს ციხეში სპეციალურად სასამართლო პროცესისთვის გადაიყვანეს.

როგორც ნავალნიმ თქვა, ახალი ბრალდებები ექსტრემიზმის შესახებ სასჯელის სახით 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ის ტერორიზმის ბრალდებით სამხედრო სასამართლოს წინაშეც წარდგება, რომელმაც შესაძლოა თავისუფლების უვადო აღკვეთა მიუსაჯოს.


ნავალნის რუსეთის სასამართლომ 2022 წელს თაღლითობაში დამნაშავედ სცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

ნავალნის თქმით, აბსურდულია იმაზე მსჯელობა, რომ მან ტერორიზმის აქტი ჩაიდინა ციხეში ყოფნის დროს.

"მათ აბსურდული ბრალდებები წარადგინეს, რის მიხედვითაც 30 წლით პატიმრობა მემუქრება. ვფიქრობ, რომ საქმის დახურულად განხილვის გადაწყვეტილება მიღებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვერ შევძლო საქმის გაცნობა, არამედ, ეს ასევე მცდელობაა, რომ ვერავინ გაიგოს ამის შესახებ". – ამბობს ნავალნი. 

13 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობა გაუარესდა და მან ბოლო 15 დღის განმავლობაში 8 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ ინფორმაცია ნავალნის  ანტიკორუფციული ფონდის ვიცეპრეზიდენტმა, ანა ვედუტამ გაავრცელა. 

ვედუტას თქმით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ციხის რეგულარული საკნიდან, დროებით სადამსჯელო საკანში გადაიყვანეს. ვედუტას მიხედვით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ნავალნის მოწამვლას და სწორედ ამიტომ ხდება მისი სადამსჯელო საპატიმროში ხშირად გადაყვანა. 

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას, ტაბლეტების მეშვეობით ასმევენ მცირე დოზებით საწამლავს". – წერს ვედუტა.

ნავალნისთან საპატიმროში ვიზიტის შემდეგ, მისი ადვოკატი, ვადიმ კობზენი აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერს ძლიერი მუცლის ტკივილი აწუხებდა, რის შედეგადაც საპატიმროში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, მისთვის არანაირი დიაგნოზი არ დაუსვამთ. 

25 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 2-წლიანი პატიმრობის მანძილზე სამარტოო საკანში მეთერთმეტედ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესმდივანი, კირა იარმიშმა გაავრცელა.

იარმიშის თქმით, ნავალნი სამარტოო საკანში "არასწორი წარდგენისთვის" გადაიყვანეს. 

"როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ მოსწონს ჩვენი კამპანია და ფილმ ნავალნის ოსკარზე ნომინირება". - თქვა იარმიშმა. 

ნავალნის მხარდამჭერებმა კამპანია "თავისუფლება ნავალნის" წამოიწყეს, რომელიც ოპოზიციონერის ჯანმრთელობის გაუარესებასა და ციხის ექიმების მიერ მის მკურნალობაზე უარის თქმას ეხმაურება. 

ნავალნი სამარტოო საკანში გადაყვანა ბერლინში გამართულ აქციას დაემთხვა, სადაც რუსეთის საელჩოს წინ მოქალაქეებმა ნავალნისთვის ციხეში შექმნილი მძიმე პირობები გააპროტესტეს. 

ალექსეი ნავალნი პროკოვის კოლონიაში "ივ როშეს" საქმეზე იხდიდა სასჯელს. მას 2021 წლის 2 თებერვალს სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

კომენტარები