ბოკერია სააკაშვილზე: ამაზე სერიოზულად უნდა ვიმსჯელო და ლოგიკა ვიპოვო?

დიმა ჩიკვაიძე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა. სააკაშვილი ამბობს, რომ "ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ჩართვას აქტიურად აპირებს". 

ბოკერიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ქმედებები ხელს უწყობს ივანიშვილის პროპაგანდას, მსგავსი არათანმიმდევრულობა და უპრინციპობა ქართველი ხალხისთვისა და პოლიტიკური პროცესებისთვის შეურაცხმყოფელი და დამაზიანებელია. 

"ეს ყველაფერი, რაც ხდება ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის თავს და ეს მანევრები - ჯერ გამოცხადება, რომ უკრაინელი ვარ და ქართულ პოლიტიკაში არ ჩავერევი, თარჯიმნით საუბარი და მერე უცებ თქმა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩაერთვება და პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება, ეს მასკარადი არის საუკეთესო საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის. ამას არათანმიმდევრულობაც კი არ ჰქვია. ამას ჰქვია, რომ სიტყვებს მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეს ერთს იტყვი, ხვალ მეორეს. როგორც ჩანს, ჩათვალეს რომ საზოგადოება და მათი მომხრეებიც ასეთები არიან, რომ ყველაფერს გადაყლაპავენ. გუბაზ სანიკიძით დაწყებული, თაკო ჩარკვიანით დამთავრებული… ყველა საკითხში შეიძლება, რომ ასე უპატივცემულოდ მოექცე საზოგადოებას? დაიქირაო პუტინისტური სულისკვეთების ადვოკატი, რომელსაც გზავნილები ექნება იგივე… Radisson-ში არ შევალ, იმიტომ რომ გეების სასტუმროაო, რომ იძახდა. მისი ადვოკატი იყო ხაჭაპურიძე, სააკაშვილის. კარგა ხანია, აღარ გამოჩენილა". 

ნაციონალური მოძრაობის მტკიცება, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში სხვა მოცემულობაა და მიხეილ სააკაშვილი არის ძალა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლია, ბოკერიამ აბსურდულად შეაფასა. ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ფარისევლობისთვის გააკრიტიკა. მისი თქმით, მსგავს თემებზე მსჯელობა აზრს მოკლებული და ალოგიკურია. 

"მათ არც ერთ სიტყვას მნიშვნელობა არ აქვს. აქამდე იყო ილუზია, რომ ამ კამპანიით მის გათავისუფლებას მიაღწევდნენ. იტყუებოდნენ და ახლა არ იტყუებიან? ყველაფერი, რაც სიცრუის, არათანმიმდევრულობის ჭაობში გაფლობს არის ივანიშვილის რეჟიმის სამყარო. მათი სამყაროა, რომ დღეს ერთს იტყვი, ხვალ მეორეს. სერიოზულად უნდა განვიხილოთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ახლა გაშიშვლდა და ამიტომ გადაწყვიტა მან [მიხეილ სააკაშვილმა] პოლიტიკაში დაბრუნება და იქამდე რომ ჩამოდიოდა, არა? იგივე ხალხი, ვინც, რა თქმა უნდა, თავად სააკაშვილის დაკვეთით იძახდა, რომ მხსნელი და მესია გვჭირდება და უნდა ჩამოვიდესო, ითხოვდნენ ამას და ყველას მოღალატედ აცხადებდნენ, ვინც ამბობდა, რომ ასეთი მესიანიზმი, თითქოს ვიღაც გარედან გვიშველის, არასწორია. ვინც ამბობდა, რომ საზოგადოებამ, მოქალაქეებმა თვითონ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, მხსნელი ვერ ჩამოვა და თუ ჩამოვა, დაიჭერენო, მოღალატედ შერაცხეს. ჩვენ ვიძახდით ამას. მე ვიძახდი და აი, არ გინდათ ჩამოსვლა, მოღალატეები ხართო. მერე ერთი ვაი-ვიში ჰქონდათ და შიმშილობას ახალისებდნენ. შემდეგ იყო ისტერიკა, თხოვნა, რომ გაუშვით და საქართველოს პოლიტიკაში არ ჩაერევა, აქციებსაც გააჩერებსო. ახლა ამბობენ, რომ ისევ ჩაერევა და პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნება. მე და სხვებმა ამაზე სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ და ლოგიკა, თანმიმდევრულობა ან პრინციპები ვიპოვოთ? საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?

ფარისევლობა არის ცუდი. ეს არის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს და რაშიც ეს ხალხიც აყოლილია. არ შეიძლება, რომ ერთ დღეს იძახდე - 100%-ით უკრაინელი ვარ და ფეხებზე მკიდია, საერთოდ აღარ მაინტერესებს… თქვენს ეთერში მისი ადვოკატი ამბობდა, ქართული არხებიც აღარ აინტერესებსო. რატომღაც, მერე ამას აღარ იხსენებენ. ჰგონიათ, რომ ეს არ ილექება და ჩვენი ქვეყნის მტერი ივანიშვილის რეჟიმი ამას ყველას დისკრედიტაციისთვის არ იყენებს? მერე ყველა ერთ ქვაბში იხარშება". - თქვა ბოკერიამ.


"ბოლო წვეთი იყო იმ მოღალატეების აღლუმი, რომელიც გუშინ აჭარის უზენაეს საბჭოში ვიხილე. საქართველოს ღალატმა და გარუსების მცდელობამ უკვე ყველა დონეზე შეაღწია. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ჩართვას ძალიან აქტიურად ვაპირებ, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად. უკრაინის გამარჯვებას გულხელდაკრეფილი კი არ უნდა ველოდოთ, არამედ, აქტიურად მოვაახლოვოთ, მათ შორის, ჩვენი ინოვაციური და გაბედული ქმედებებით. ვაპირებ, დღეიდან მონაწილეობა მივიღო ყველა „სასამართლოში“, სადაც ფიზიკურად შევძლებ. ასევე, როგორც ყოველთვის, ყველა ეროვნულ, ანტირუსულ ევროპულ ძალას ერთიანობისკენ მოვუწოდებ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩემს მიერ დაფუძნებულ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ ექსპრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში ჩართვასა და აქტიურობას აღარ აპირებდა.

კომენტარები