მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკაში ჩართვის ნებისმიერი აქტივობა სააკაშვილისთვის მიუღებელია – ხერხეულიძე აქციაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე შაბათს, 3 დეკემბერს ლევან ხაბეიშვილის მიერ ქართული ოცნების ოფისთან დაგეგმილ აქციაზე ამბობს, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართვას ემსახურება, სააკაშვილისთვის მიუღებელია. 

განცხადება ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა. 

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, არის ერთმნიშვნელოვანი და მან ამის შესახებ ადვოკატების მეშვეობით გვითხრა - მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკისგან დისტანცირება და აუცილებელია ყველამ, ვინც მას გულშემატკივროს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სამკურნალოდ გაყვანას. 

ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას, პოლიტიკასთან დაკავშირებას, ნებისმიერი ასეთი მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი. ის თხოვს ყველა გულშემატკივარს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არა მის პოლიტიკაში ჩართულობას". - ამბობს ეკა ხერხეულიძე.  

აქციის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა განცხადება გუშინ, 28 ნოემბერს გააკეთა. ხაბეიშვილის თქმით, პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ - მისივე სიტყვებით, აქვთ მოთხოვნა სააკაშვილის გადაყვანის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის შესახებ.   

"მე ხვალიდან გავდივარ რეგიონებში, არა მხოლოდ შაბათი დღისთვის, არამედ გენერალური ბრძოლის მობილიზებისთვის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ. ჩვენ ოთახიდან, კაბინეტებიდან უმოძრაოდ, უმოქმედოდ რუს ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ. არც ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, არც ნიჰილიზმში არ უნდა ჩავვარდეთ, არც ერთამენთს არ უნდა დავაბრალოთ რამე. მეტიც, ხელები უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს და ვიბრძოლოთ. მხოლოდ ბრძოლით შეიძლება გამოვიხსნათ მესამე პრეზიდენტიც და ჩვენი ქვეყანაც რუსული კლანჭებიდან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3 დეკემბერს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ უიმედობაში, არ ვაპირებთ, რომ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, და მეტიც, კარგად უნდა იცოდეს რუსმა ოლიგარქმა - ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, ბრძოლას და ბრძლას გამარჯვებამდე".- თქვა მან. 

28 ნოემბერს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა და მას, სავარაუდოდ, დარბაზში ეტლით შეიყვანდნენ, რადგან გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლო. მოგვიანებით ვივამედის ხელმძღვანელმა, ნინო ნადირაძემ თქვა, რომ ექიმებმა სააკაშვილის ტრანსპორტირება გამართლებულად არ მიიჩნიეს, რის გამოც ექსპრეზიდენტი პროცესს არ დაესწრო.   

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 19 ნოემბერს გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, "თვითონ ვერ გადაყლაპავდა". მოგვიანებით, ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა თქვა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ცნობებს განცხადებით გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი - მისი თქმით, მისი არცერთი ადვოკატისთვის არასდროს არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს და "სპეკულაციები უადგილოა". იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამხარაულის ცენტრს სააკაშვილისთვის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის გაკეთებასთან დაკავშირებით მიმართა. 

კომენტარები