რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ახალი სამხედრო დახმარება აშშ-ს უკრაინის კონფლიქტში უფრო ღრმად ითრევს - რუსეთი

YURI KADOBNOV/AFP VIA GETTY IMAGES

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის თქმით, კიევისთვის გამოყოფილი ახალი, $325 მილიონიანი დახმარება აშშ-ს უკრაინის კონფლიქტში უფრო ღრმად ითრევს.

"შეერთებული შტატები უკრაინის კრიზისის ფსკერისკენ უფრო და უფრო ღრმად მიიწევს. როგორც ჩანს, აშშ-ს სტრატეგებს რატომღაც არ ესმით, რომ იარაღის არანაირ რაოდენობას და დაქირავებული მებრძოლების არანაირ ჩართულობას რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის კურსის შეცვლა არ შეუძლია". - დაწერა ანტონოვმა Telegram არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და სხვა პარტნიორებმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ უკრაინას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუგზავნეს.

აშშ-ს მიერ 13 ივნისს გამოყოფილი $325 მილიონიანი პაკეტი Bradley-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანის 15 ერთეულს, 10 ცალ Stryker-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს, NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, Stinger-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებს, HIMARS-ების საბრძოლო მასალებს, 155-მმ-იან და 105-მმ-იან ჭურვებს, ჯაველინებსა და სხვა ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ აშშ ახალი პაკეტით უკრაინას გადასცემს თითქმის იმდენივე Bradley-ის, რამდენიც, CNN-ის ცნობით, კიევმა კონტრიერიშის დაწყების დროს დაკარგა.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალ სამხედრო დახმარებას Twitter-ზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და დაწერა, რომ "ეფექტიანი დახმარება რუსი აგრესორის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად" სწორედ ისაა, რაც უკრაინის თავდაცვას სჭირდება.

კომენტარები