ქართული ოცნება

ზარქუა: გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ზურაბიშვილი ამ ქვეყანას საბოტაჟს უქმნის

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, პრეზიდენტი საქართველოს საბოტაჟს უქმნის.

"პრეზიდენტს საკუთარი ინტერპრეტაციები აქვს და ამა თუ იმ თემაზე პრეზიდენტის ინტერპრეტაციებზე ლეგენდები დადის. ზოგი გაუგებარია, ზოგი არგუმენტების გარეშეა და მე თუ მკითხავთ, ზოგ შემთხვევაში ცოტა მავნებლური ხასიათის არის [...] სავალუტო ფონდი ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მუშაობით კმაყოფილია თუ არა? [...] ჩვენ გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანას საბოტაჟს უქმნის. არაერთხელ და არაერთგზის ჩვენ ამაში დავრწმუნდით [...] უკვე აშკარა ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციების წინააღმდეგ გალაშქვრა". - თქვა ზარქუამ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონიმ თქვა, რომ სსფ გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ–ის მოსაზრებით, საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასა და სანდოობას დააზიანებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე ქართული ოცნების მიერ სალომე ზურაბიშვილის ეროვნული ბანკის საქმიანობის დაბრკოლებაში დადანაშაულებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის მდივნის თქმით, ზურაბიშვილი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის სებ-ის საბჭოში წარდგენას მართლაც განიხილავდა, თუმცა, კითხვები გააჩინა მისმა დამოუკიდებლობამ., რაც, მისივე თქმით, გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება, რადგან ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი კადრი.

"არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი, ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია, წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა, პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არაა და არც რაიმეს შემაფერხებელი. რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენას". – თქვა მსხილაძემ.

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის "მიზანმიმართულად ეროვნული ბანკის ჯეროვანი საქმიანობის დაბრკოლებაში" ადანაშაულებს. მმართველი პარტიის განცხადებით, ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, რითაც ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც შესაძლებელი გახდებოდა, თუმცა ზურაბიშვილმა შეთანხმება დაარღვია.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი "ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო". ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში დაასრულებს.

კომენტარები