დონალდ ტრამპი

"სასაცილო და უსაფუძვლოა" – ტრამპი წაყენებულ ბრალდებებზე

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტი, დონალდ ტრამი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს ეხმიანება და ამბობს, რომ ისინი სასაცილო და უსაფუძვლოა.

ბრალდებების წაყენების შემდეგ პირველი საჯარო მიმართვისას, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ტრამპმა ასევე თქვა, რომ საბრალდებო დასკვნა კორუმპირებული FBI-ისა და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ არჩევნებში ჩარევას წარმოადგენს.

ტრამპი ყველა წაყენებულ ბრალს უარყოფს.

აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების მითვისებისა და უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. ვრცელდება ფედერალური პროკურატურის 49-გვერდიანი ოქმი, რომელშიც ტრამპის ბრალდებების სრული ჩამონათვალია მოცემული. 

ოქმის თანახმად, ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. მათგან 31 ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის განზრახ უკანონოდ შენახვას ეხება. საიდუმლო დოკუმენტების განზრახ მითვისების გარდა, გამოკვეთილია მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტების გადამალვის, ფედერალური გამოძიებისთვის დოკუმენტის განზრახ არ გამჟღავნების ბრალდებებიც. 


ფლორიდის გუბერნატორი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი კონკურენტი, რონ დესანტისი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნული შემთხვევა მოწმობს, რომ ტრამპთან მიმართებაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს. 

"ვფიქრობ, ამ ქვეყანაში სამართლის ერთი და იგივე სტანდარტები უნდა მოქმედებდეს". - აღნიშნა დესანტისმა. ფლორიდის გუბერნატორმა ჩრდილოეთ კაროლინაში პარტიის ყრილობაზე სამთავრობო უწყებების იარაღად გამოყენება დაგმო. თუმცა დესანტისს გამოსვლისას ტრამპის სახელი პირდაპირ არ უხსენებია. 


აქამდე, 9 მაისს, ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი ამერიკელი ჟურნალისტის, მწერლისა და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველის, 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ტრამპმა ჟურნალისტი გააუპატიურა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს.

ამ სამოქალაქო საქმის გამო ტრამპს დაკავება არ ემუქრება, კეროლი მიყენებული ზიანისთვის მხოლოდ [დაუზუსტებელი რაოდენობის] ფინანსურ ანაზღაურებას ითხოვდა. 

ცხრა წევრისგან შემდგარმა მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპს დაახლოებით 5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

კომენტარები