რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეულ წყალდიდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულია - 13

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ხერსონის ოლქში 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 - დაკარგულია. ამასთან, ერთი ადამიანი დაიღუპა მიკოლაევის ოლქში.

კლიმენკოს ცნობით, ხერსონის ოლქში დატბორილი რაიონებიდან 2 412 ადამიანია ევაკუირებული. გარდა ამისა, ევაკუაციის დროს რუსეთის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები