ZEG

УП-ს მთავარი რედაქტორი: მსურს გაგახსენოთ, ჩვენთან ომი რუსული ნარატივების გავრცელებით დაიწყო

სევგილ მუსაიევა

ფესტივალი ZEG-ის ფარგლებში ტაბულა უკრაინული მედიის, Українська правда-ს მთავარ რედაქტორს, სევგილ მუსაიევას რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით ესაუბრა. 

უკრაინული მედიის მთავარმა რედაქტორმა საუბარში ხაზი გაუსვა, რომ მედია რუსეთის ერთ-ერთი საბრძოლო ხელსაწყოა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ რუსული ნარატივები უნდა მოიშოროს.

"ვფიქრობ ეს კარგი შეკითხვაა თქვენი საზოგადოებისთვის, კარგი შეკითხვაა თქვენი მთავრობისთვის. მგონია მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რუსულმა პროპაგანდამ როგორ შეიძლება იმუშაოს მთავრობის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ,  ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. მსურს გაგახსენოთ როგორ დაიწყო ომი უკრაინაში, ეს ასევე რუსული ნარატივების გავრცელებით დაიწყო. მაგალითად, ყირიმის ოკუპაციის პირველ დღეებში ამბობდნენ, რომ კიევის სათავეში უკრაინელი ნაციონალისტები მოვიდნენ და ჩვენი ხალხი უნდა დავიცვათ იმ საშინელებებისგან, რაც შეიძლება უკრაინელმა ნაცისტებმა მათ გაუკეთონო... ეს (რუსული) ნარატივები უნდა მოიშოროთ, რუსულ არხებს ლიცენზიები უნდა ჩამოართვათ და ასევე შეინარჩუნოთ დამოუკიდებელი ჟურნალიზმი. ჩემი შეხედულება ესაა, მაგრამ არ მგონია საქართველოს მთავრობა ამისთვის მზად იყოს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საქართველოს საზოგადოებაა მზად". – უპასუხა მუსაიევმა შეკითხვას, რომელიც ქართულ სამთავრობო მედიებში რუსული ნარატივების გავრცელებასა და მათთან ბრძოლას ეხებოდა. 

მუსაიევა მიიჩნევს, რომ 2014 წელს დონბასში ომის დაწყებისა და ყირიმის უკანონო ანექსიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი სწორედ რუსული მედია და მათ მიერ გავრცელებული პროპაგანდა იყო. მისი აზრით, დასავლეთმა რუსული მედიისგან მომავალი საფრთხე მაშინ არასწორად შეაფასა.

"[2014 წლის დონბასის ომი და ყირიმის ანექსია] რუსული მედიის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. რუსული პროპაგანდა მათი საბრძოლო მეთოდების მთავარი ელემენტია. რუსეთი ომს სხვადასხვა ქვეყნებში საინფორმაციო ომით იწყებს. ასე მოხდა 2014 წელს, ასე მოხდა 2022 წელს. პრობლემა ისაა, რომ 2014 წელს ევროპულმა ქვეყნებმა ეს ვერ გაიგეს, ისინი მაინც აძლევდნენ ლიცენზიებს რუსულ ტელეარხებს, მაგალითად Russia Today-ის შეეძლო სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში მუშაობა, თითქოს ეს მხოლოდ რუსეთის შეხედულება იყო მსოფლიოზე და არა იარაღად ქცეული მედია. ეს [დამოკიდებულება] 2022 წლის შემდეგ შეიცვალა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ძალიან გვიანი იყო. Russia Today-ის კვლავ დიდი გავლენა აქვს, მაგალითად გლობალურ სამხრეთში. ინდოეთში, არაბულ ქვეყნებშიც, აფრიკაშიც კვლავ გამოიყენება საინფორმაციო წყაროდ. ეს საშიშია სხვადასხვა მხრივ. პირველ რიგში, რუსეთი ყველა ომს მედიის იარაღად ქცევით იწყებს და ავრცელებს ცრუ ნარატივებს იმის შესახებ თუ რა ხდება". – აღნიშნა უკრაინული მედიის მთავარმა რედაქტორმა.

Українська правда-ს მთავარმა რედაქტორმა რუსეთის მიერ, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ჩადენილი ომის დანაშაულების აღწერისა და დოკუმენტაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მუსაიევას აზრით, ზოგჯერ სწორედ მსგავსი მასალები ხდება დამნაშავეების პასუხისგების ერთადერთი მტკიცებულება.

"ეს მნიშვნელოვანია. ვიცი, ამ ტიპის სტატიები მკითხველებში პოპულარული არაა, ამიტომაა, რომ ბევრ ჟურნალისტს "ბრეიქინგ ნიუსებზე" ან დიდ ამბებზე მუშაობა ურჩევნიათ და არა ომის დანაშაულებზე. მაგრამ, ზოგჯერ ეს დოკუმენტაცია არის ერთადერთი რამ, რაც მომავალში დაგვეხმარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე ან რუსეთის პასუხისგების პროცესში... იმედი მაქვს, რომ ეს ომი არამხოლოდ მშვიდობით დამთავრდება, არამედ პასუხისგებითაც. პასუხისგების საკითხი კვლავ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია ყველა სამხილის მოპოვება, მნიშვნელოვანია არსებობდეს მონაცემთა ბაზა ყველა იმ ადამიანის, ვინც იტანჯებოდა და რუსეთის საშინელებების მსხვერპლი გახდა". – თქვა მუსაიევამ.

კომენტარები