ევროკავშირი-ტაივანი

Reuters: ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი მომდევნო კვირაში ევროპაში ჩავა

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ
Carlos García Rawlins/Reuters

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოზეფ ვუ მომდევნო კვირაში ევროპას ვიზიტით ეწვევა და ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჩეხეთის პრეზიდენტთან ერთად გამოჩნდება.

ტაივანს, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად განიხილავს, ევროპის არცერთ ქვეყანასთან, გარდა ვატიკანისა, ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, თუმცა არაფორმალური ურთიერთობების ფარგლებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წამოწყების შემდეგ - ტაივანის მხარდაჭერას გამოხატავენ, რითიც ამცირებენ მის საერთაშორისო დიპლომატიურ იზოლაციას და ამით პეკინის აღშფოთებას უგულებელყოფენ.

ვუ 14 ივნისს პრაღაში გასამართ უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება და ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის შემდეგ დამსწრეებს სიტყვითაც მიმართავს. ეს იქნება ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, რადგან, როგორც წესი, ევროპელი ლიდერები ტაივანელ მაღალჩინოსნებთან სცენას არ იყოფენ.

Reuters-ი ასევე წერს, რომ ვუ ბრიუსელში, ევროკავშირის სათავო ოფისში ვიზიტსაც გეგმავს, თუმცა წყაროებს დეტალებზე არ უსაუბრიათ.

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს 2021 წელსაც ეწვია, თუმცა მხოლოდ დაბალი რანგის შეხვედრები გამართა. მანამდე ვუ ევროპას 2019 წელსაც ესტუმრა და კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

2023 წლის იანვარში, მაშინ ჩეხეთის ახლადარჩეულმა  პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა და ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

ტაივანისა და უცხოელი ოფიციალური პირების კონტაქტს პეკინი რეგულარულად გმობს, რადგან მსგავს ქმედებას ტაივანის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსის გლობალური აღიარების წამახალისებლად მიიჩნევს.

2021 წელს, ვილნიუსში ტაივანის დე ფაქტო საელჩოს გახსნამ პეკინი გააბრაზა და ლიტვასთან დიპლომატიური კავშირების შემცირებასთან ერთად, მრავალეროვნულ კომპანიებზე ბალტიისპირა ქვეყანასთან კავშირის გასაწყვეტად ზეწოლა მოახდინა.


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები