საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: იფიქრონ, იქნებ ხალხის წინაშე შეცდომების გამოსწორების დროა

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და ევროპარლამენტარებს "სარკეში ჩახედვისა და უკანასკნელი რეზოლუციების გადახედვისკენ" მოუწოდა.

"სარკეში ჩახედვას რაც შეეხება, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი - სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის კალიურანდმა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ გასცა. ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ პროპაგანდა, რომელსაც აყვნენ ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები. დაფიქრდნენ, იქნებ არის დრო, ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი შეცდომები გამოასწორონ, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომლებმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ საკითხს ასე შეხედონ". - ამბობს პაპუაშვილი.

მანამდე, ქართული ოცნების დეპუტატმა, მაია ბითაძემ ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გამართული დისკუსიის დროს საქართველოში 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორებს მაშინ არ ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ბითაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რათა დასრულდეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია, რასაც თავად ევროპარლამენტარების განცხადებებიც უწყობენ ხელს. 

ბითაძის განცხადებებს ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა უპასუხა.

"ძალიან ვწუხვარ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დისკუსია პოლარიზაციას ზრდის საქართველოში. ჩემი რჩევაა, ნუ აბრალებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და ნახეთ, რა შეგიძლიათ, რომ უკეთ გააკეთოთ". - აღნიშნა კალიურანდმა. 

კომენტარები