საქართველო-ევროკავშირი

კალიურანდი ოცნებას: ნუ აბრალებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ, ნახეთ, რისი გამოსწორება შეიძლება

europetime.eu

"ძალიან ვწუხვარ, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დღევანდელი დისკუსია პოლარიზაციას ზრდის საქართველოში. ჩემი რჩევაა, ნუ აბრალებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და ნახეთ, რა შეგიძლიათ, რომ უკეთ გააკეთოთ". – ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატს, მაია ბითაძეს ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე.

ბითაძემ ბრიუსელში გამართული დისკუსიის დროს საქართველოში 2012 წლამდე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორებს მაშინ არ ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ბითაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რათა დასრულდეს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია, რასაც, ბითაძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებებიც უწყობენ ხელს. 

"ჩვენ ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, სანამ ქართული ოცნება მოვიდოდა სათავეში. ჩვენ ტელეფონით საუბრისაც კი გვეშინოდა. ნაწილობრივ ყველა ოჯახი დაზარალდა, რადგან პრაქტიკულად ყველა ოჯახის ერთი წევრი მაინც იჯდა ციხეში და იყო ნაწამები. ჩვენი პარტნიორებისგან კი არ იყო დიდი შეშფოთება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ამრიგად, მეგობრებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დახმარებისთვის, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ გაიგოთ ის ჭეშმარიტი სიტუაცია, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს და ის რეალური ვითარება, რაც ჩვენი გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეობს. მოხარული ვარ, რომ კარი კვლავ ღიაა და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა მიგვიყვანს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, რაც მართლაც დაასრულებს პოლარიზაციას. რადგან თითოეული განცხადება "ჰედლაინით" ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ზრდის პოლარიზაციას". – თქვა ბითაძემ.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბითაძესთვის პასუხის გაცემისას ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან ანტიდასავლურ განცხადებებზე.

"თქვენმა პრემიერმინისტრმა 2023 წლის 12 მარტს ტვ იმედს მისცა ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, "ევროპულმა პარლამენტმა საკუთარ თავს უნდა მიხედოს". "ისინი რატომ გვკარნახობენ ჩვენ". "მათი სურვილი იყო და არის რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრიონ". ეს თქვენი პრემიერმინისტრის სიტყვებია. თუ გნებავთ, მე მაქვს ორი სია ციტატების და სიამოვნებით გავაგრძელებ. გსურთ მოისმინოთ ყველა ციტატა? მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს ანტიდასავლური რიტორიკა და ბრალდებები ევროპარლამენტარების, ევროპული პარლამენტის ფრაქციებისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს ჰაერიდან მოტანილი არ არის. ეს არის კონკრეტული განცხადებები თქვენი მმართველობის მხრიდან, რასაც ჩვენ ვისმენთ ბრიუსელში". – ამბობს კალიურანდი.  

კომენტარები