საფრანგეთი

საფრანგეთის ალპებში კაცმა 4 ბავშვი დაჭრა – 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია

საფრანგეთის ალპებში მდებარე ქალაქ ანესის ერთ-ერთ პარკში სირიელმა თავშესაფრის მაძიებელმა ოთხი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაჭრა. კაცი ადგილზე დააკავეს.

დანით შეიარაღებული პიროვნება დაახლოებით სამი წლის ასაკის ბავშვების ჯგუფს ანესის ტბასთან მდებარე პარკში დაესხა თავს.

პოლიციის ცნობით, ორი ბავშვისა და დაჭრილი ზრდასრულის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშადაა შეფასებული.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯერალდ დარმანინის თქმით, დამნაშავე უსაფრთხოების ძალების სწრაფი რეაგირების წყალობით დააკავეს.

მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც შემთხვევას "აბსოლუტური სიმხდალის აქტი" უწოდა.

საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელიზაბეთ ბორნი შემთხვევის ადგილზე ჩასვლას აპირებს.

განახლება: თავდაპირველად The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა 6 ბავშვი და ერთი კაცი დაჭრა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ დაჭრილია 4 ბავშვი და ერთი ზრდასრული პიროვნება.

კომენტარები