მარნეული

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს – დაკავებულია 2 ადამიანი

Tabula

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. 

ტაბულას ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულში მონაწილე 2 ადამიანი. გოგო სახლში დააბრუნეს. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით - უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

განახლება - მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა - უწყების ცნობით, დაკავებული არიან 1994 წელს დაბადებული ჯ.ჰ. და 1981 წელს დაბადებული გ.ა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ჯ. ჰ.- მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ. - ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული გ.ა. -ც. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ჯ.ჰ. და გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს". - წერია განცხადებაში. 

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

კომენტარები