ყირგიზეთი

ყირგიზეთის უსაფრთხოების სამსახურმა გადატრიალებაში ეჭვმიტანილებზე ინფორმაცია გაავრცელა

ყირგიზეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები
ვიაჩესლავ ოსელედკო/AFP

ყირგიზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნულმა კომიტეტმა 6 ივნისს კომენტარი გააკეთა გასულ დღეს სახელმწიფო გადატრიალებაში ეჭვმიტანილების დაკავებაზე.

სპეცსამსახურის ცნობით, მოქალაქეების ჯგუფი ერთი წლის განმავლობაში საკუთარ მხარეს უკმაყოფილო მოქალაქეების გადმობირებას ცდილობდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორც ყირგიზეთის უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, მთავარი ორგანიზატორი იყო როზა ნურმათოვა, რომელიც არის აქტივისტი და პოლიტიკური პარტია ელდი კენეშის თავმჯდომარე.

უსაფრთხოების გამოძიების მიხედვით, "შეთქმულების" ჯგუფში ჩართული იყო ასზე მეტი ადამიანი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და მათ შორის მკაფიოდ იყო განსაზღვრული როლები და კონკრეტული დავალებები.

გასულ დღეს ამ ბრალდებასთან დაკავშირებით დააკავეს 30-ზე მეტი პირი, მათ შორის ნურმათოვა და კიდევ ოთხი ადამიანი, რომლებსაც ყირგიზეთის უსაფრთხოება "მთავარ მამოძრავებლებს" უწოდებს. 

ღია წყაროების მიხედვით, ნურმათოვა 2012 წელს მონაწილეობდა დემონსტრაციაში, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ყირგიზეთის ჟოგორკუ კენეშის (უზენაესი საბჭო) დეპუტატები - სადირ ჯაფაროვი, რომელიც ახლა ყირგიზეთის პრეზიდენტია და კამჩიბეკ ტაშიევი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მეთაურია. ამას გარდა, 2012 წელს ნურმათოვა მეთაურობდა სადირ ჯაფაროვის მხარდამჭერების შტაბს.

კომენტარები