ბელგოროდის ოლქი

რუსული მოხალისეთა კორპუსი: უკრაინის საზღვართან სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას ვაკონტროლებთ

რუსული მოხალისეთა კორპუსის წევრები
armyinform.com.ua

რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) ჯარისკაცებმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ამბობენ რომ სრულად აკონტროლებენ უკრაინის საზღვართან მდებარე ბელგოროდის ოლქის ერთ-ერთ დიდ სოფელს, ნოვაია ტავოლჟანკას.

ვიდეოში, რომელიც სავარაუდოდ გადაიღეს ნოვაია ტავოლჟანკაში და გამოქვეყნდა რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ტელეგრამ-არხზე, РДК-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დასახლება, რომლის მოსახლეობა 5 000-ს შეადგენს, ახლა ცარიელია და მას РДК-ის ჯარისკაცები აკონტროლებენ.

ამასთან, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, დაბომბვის გამო ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში შესვლას ვერ ახერხებს.

მან ასევე გუშინ, 5 ივნისს აღნიშნა, რომ ნოვაია ტავოლჟანკაში დაახლოებით 100 მაცხოვრებელი დარჩა, მაგრამ ხელისუფლება მათ რაოდენობას ვერ აკონკრეტებს.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

კომენტარები