ბელგოროდის ოლქი

გლადკოვი: ბელგოროდის ოლქში დაბომბვის შედეგად ერთი ადგილობრივი მოქალაქე დაიღუპა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin via REUTERS/File Photo

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

"ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში შებეკინსკის ურბანული რაიონის დასახლებებს უკრაინული მხარე ბომბავდა. სამწუხაროდ, გრაფოვკაში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა". - წერს გლადკოვი.

მისივე თქმით, გარდაცვლილი საყოფაცხოვრებო საქმით იყო დაკავებული, რა დროსაც ჭურვი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. გლადკოვის თქმით, მამაკაცი მიღებული დაზიანებებისგან ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც გლადკოვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, სოფელ გრაფოვკას დაბომბვამ 10 კერძო საცხოვრებელი შენობის ფანჯარა დააზიანა. ამასთან, მისივე ცნობით, დაზიანებულია ღობეები, შენობები და ელექტროგადამცემი ხაზიც.

"ასევე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს შებეკინოს, მურომსა და ნოვაია ტავოლჟანკას. ამ დასახლებებში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და ოპერატიული სამსახურები". - წერს გლადკოვი.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები