შრომის ინსპექცია

პირველი ივნისიდან ტვირთის ხელით აწევის შესახებ რეგლამენტი ძალაში შევიდა

მთავრობამ ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ 3 მაისს დამტკიცებული რეგლამენტი 1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა. 

რეგლამენტი სამუშაო სივრცეში ტვირთის ხელით აწევისას (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკის პირობებში) დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებს ადგენს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა. 

აღნიშნული რეგლამენტი ასევე გულისხმობს, რომ იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი ვალდებულია:

  • მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები და სამუშაო სივრცეში მყოფი  სხვა პირები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები;

  • სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები;

  • მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სამუშაო გარემოს მახასიათებლებისა და სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად;

  • სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის  მაქსიმალურად უსაფრთხო.

  • დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთათვის, სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლებისთვის დამატებით უზრუნველყოს შესაბამისი სწავლებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარება ტვირთის სწორად გადატანისა და ყველა იმ რისკის თაობაზე, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ  განსაზღვრული ნორმების არასწორად შესრულების შემთხვევაში.

კომენტარები