რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერდიანსკში იუწყებიან, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა ოკუპირებულ ქალაქზე იერიშები მიიტანეს

ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული მმართველი, ვლადიმირ როგოვი იუწყება, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა აზოვის ზღვისპირა ქალაქ ბერდიანსკზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 9 პირი დაშავდა. როგოვის თქმით, მოჰყვა თუ არა შემთხვევას მსხვერპლი, ჯერჯერობით უცნობია. 

ვლადიმირ როგოვი Telegram-ზე აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით კადრებსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ პორტთან ახლომდებარე ტერიტორია იწვის და კვამლის დიდი ღრუბელია წარმოქმნილი.

Reuters-მა შეძლო დაედასტურებინა ვიდეოს ადგილმდებარეობა, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ მოახერხა ვიდეოს გადაღების თარიღის გადამოწმება.


ასევე, რუსეთში, სმოლენსკისა და კურსკის ოლქებს გვიან ღამით დრონებით დაესხნენ თავს. შესაბამის ინფორმაციას ოლქების გუბერნატორები Telegram-ის საშუალებით ავრცელებენ.

სმოლენსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ვასილი ანოხინის ინფორმაციით, ღამის 3 საათისთვის დრონებით თავადასხმა სმოლენსკის ოლქის ორი სოფლის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსზე,  გაზისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა. ანოხინის ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ცნობით, გუშინ ღამით მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

გუშინ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები ასევე განხორციელდა ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებშიც. ბელგოროდის ოლქში დრონის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები