რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გლადკოვი: თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რამდენიმე

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin via REUTERS/File Photo

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

გლადკოვის ინფორმაციით, ცეცხლი დივერსანტებმა სამოქალაქო პირების დროებით თავშესაფარს გაუხსნეს, რომელიც უკრაინის საზღვარზე მდებარეობს.

"ძალიან რთული დღე დასასრულს უახლოვდება. დაიღუპა ერთი ადამიანი, უდიდესი სამძიმარი ყველა ახლობელს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი". - წერს გლადკოვი. 

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის შემდეგ იგი პირადად ეწვია ქალაქ შებეკინოს. მისი განმარტებით, რეგიონში კომპანიები ელექტროენერგიის, ტელეკომუნიკაციების, გათბობისა და წყლის აღდგენაზე მუშაობენ.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები