მოლდოვა

EU-მ პრორუს მოლდოველ პოლიტიკოსებს დესტაბილიზაციის გეგმის გამო სანქციები დაუწესა

მოლდოველი პოლიტიკოსი, ილან შორი

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 5 ცნობილ მოლდოველ პოლიტიკოსს, მათ შორის ილან შორს, რომელიც ბოლო კვირებში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის წინააღმდეგ აქციებს ხელმძღვანელობდა. 

30 მაისს გამოქვეყნებული სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, სანქცირებულ პოლიტიკოსებს "მოლდოვის რესპუბლიკის დესტაბილიზაციის მოქმედებების გათვალისწინებით" ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები ექნებათ.

მანამდე, თებერვალში მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მას კრემლის გეგმა გადასცა, რომელიც მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ისახავდა მიზნად. 

დოკუმენტის მიხედვით, კრემლი დივერსანტების ჩამოყვანას რუსეთიდან, ბელარუსსა და ბალკანეთიდან აპირებდა. 

"ეს არის მოკლევადიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მომზადების პირების მიერ სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმასა და მძევლების აყვანას". - ამბობს სანდუ. 

მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთი მოლდოვაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიღმა "ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავს" და რომ მოლდოვის უშიშროების ძალები ამ პროვოკაციების აღსაკვეთად შესაბამის ზომებს მიიღებენ.

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ შედგენილ საიდუმლო გეგმაში დეტალურად არის აღწერილი მოლდოვის დესტაბილიზაციის სქემა, რაც პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერას, მართლმადიდებლური ეკლესიით მანიპულირებასა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით შანტაჟს მოიცავს.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმით არის ნახსენები მოლდოვის NATO-ში გაწევრიანების შეფერხების აუცილებლობა და მისი მიზანი ქვეყნის დასავლეთის კურსიდან ჩამოშორებაა. 

გეგმის მიხედვით, მოლდოვა რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული უნდა გახდეს და მისი გავლენა დნესტრისპირეთის რეგიონში უნდა შემცირდეს.

კომენტარები