საქართველო-ევროკავშირი

კალაძე დემარშზე: გაუგებარია, ფრენები რუსეთთან რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას

ქართული ოცნება

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, დიპლომატების მხრიდან სანქციებთან შეერთების მოწოდებები ყოველთვის იყო, თუმცა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოხდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საქართველოს დააზიანებდა. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს  გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, როდესაც სახმელეთო მიმოსვლა შესაძლებელია, გაუგებარია,  პირდაპირი ფრენები ევროინტეგრაციას და ევროპულ მომავალს რატომ ეწინააღმდეგება. 

"რაც შეეხება დიპლომატებს, ყოველთვის იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე, ვთქვით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესს ვატარებთ. არ გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის დამაზიანებელი იქნება.

[...]დიპლომატების მხრიდან ყოველთვის იყო მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ შევუერთდით სანქციებს საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან? ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ჩვეულებრივი სახმელეთო მიმოსვლაა შესაძლებელი ანდა ერევნის გავლით ფრენები, რა პრობლემაა, თუ პირდაპირი ფრენა იქნება ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას ის, თუ საქართველოს მოქალაქე, ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას? ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში".- ამბობს კალაძე.

რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ვიცეპრემიერ, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა.

ჰერჩინსკიმ გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.

10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც.

კომენტარები