საქართველო-ევროკავშირი

რუსეთთან ფრენების გამო EU-ს ელჩი 27 ქვეყნის სახელით ეკონომიკის მინისტრს დემარშით მიმართავს

European Union in Georgia

რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართავს. წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელჩები მინისტრს 29 მაისს, 17:00 საათზე შეხვდებიან.

"რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს/ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდება დღეს, 29 მაისს, 5 საათზე. დემარში ხორციელდება ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით". – ნათქვამი EU-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.

10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით,  რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა.

27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც.

კომენტარები