სიღარიბე საქართველოში

2022 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ საქართველოს მოსახლეობის 15.6% იყო – საქსტატი

adf.org.au

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 15.6% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რაც 1.9%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

აბსოლუტური სიღარიბე გულისხმობს, რომ ადამიანს აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე ხელი არ მიუწვდება. 

ანგარიშის მიხედვით, სოფლებში გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ქალაქებში. კერძოდ, 2022 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა სოფლის მოსახლეობის 20.6% იმყოფებოდა, ქალაქის მოსახლეობისა კი – 12.3%. 

2022 წელს, 2021-თან შედარებით, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფშია შემცირებული. კერძოდ:

  • 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი – 20.4% (-2.3%);
  • 18-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი – 15.3% (-2%);
  • 65 წლის და უფროსი ასაკობრივი ჯგუფი – 10.5% (-1.4%).

გარდა ამისა, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა როგორც ქალებში, ისე კაცებში. კერძოდ, ქალების შემთხვევაში მაჩვენებელი 1.8%-ით შემცირდა და 15.3% შეადგინა, ხოლო კაცებში 2.1%-ით შემცირდა და შესაბამისად, 15.8% იყო.

საქსტატის ანგარიშის მიხედვითვე, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.37-დან 0.36-მდე, ხოლო მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით უცვლელია და შეადგენს 0.34-ს.

ჯინის კოეფიციენტი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებს შორის უთანასწორობას ზომავს და მისი მაჩვენებელი შეიძლება 0-დან 1-მდე იცვლებოდეს. რაც უფრო ახლოსაა 1-თან ჯინის კოეფიციენტი, მით უფრო იზრდება მოსახლეობაში უთანასწორობა. 

კომენტარები