უკრაინა-საქართველო

უკრაინის რადაში საქართველოს ისტორიული სახელით მოხსენიებაზე კანონპროექტი დაარეგისტრირეს

26 მაისს უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ისტორიული სახელწოდებით (საქართველო) მოხსენიებასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაარეგისტრირეს. ინიციატივის ავტორი რამდენიმე დეპუტატია. 

"უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღოს ბრძანებულება იმის თაობაზე, რომ ოფიციალურ ლექსიკაში დამკვიდრდეს ქვეყნის ისტორიული სახელწოდება - "საქართველო", როგორც ოფიციალურ საკომუნიკაციო ენაში, ისე მასმედიაში. შესაბამისად, ქართველი ხალხი მოიხსენიებოდეს, როგორც ქართველები". - ნათქვამია დოკუმენტში. 

კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მხრიდან ისტორიული სახელწოდებით მოხსენიების თხოვნა ლეგიტიმურია, რადგან ტერმინი "Грузія" რუსული გავლენით არის ნაწარმოები. ამგვარად საქართველოს 20 სახელმწიფო მოიხსენიებს და უმეტესობა მათგანი პოსტ საბჭოთა ქვეყანაა. 

"დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად, ჩემი და ივანე კლიმპუშ-ცინცაძის ერთობლივი ინიციატივით, უმაღლეს რადას წარვუდგინეთ დადგენილება, სადაც ვთავაზობთ უკრაინაში სახელი "საქართველოს" ოფიციალურად გამოყენებას". - დაწერა აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ Telegram-ზე.

გონჩარენკოს თქმით, საქართველოს ხელისუფლება ახლა ყველანაირად ცდილობს, რუსეთისკენ გადაიხაროს, მაგრამ ქართველ ხალხს აქვს ღირსება და დარწმუნებულია, რომ ქართველები თავიანთ ხელისუფლებას აჩვენებენ, რა უნდა გააკეთონ და რა არა.

დღეისათვის ოფიციალურ დოკუმენტაციაში საქართველოს მოხსენიების ძველი ვარიანტი ლათინური სახელწოდებით ჩაანაცვლეს ისრაელმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ. ლიტვა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც 2021 წლიდან ქვეყნის ისტორიულ სახელწოდებას (საქართველო) იყენებს.  

კომენტარები