რუსეთი-ბელარუსი

ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანა უკვე დაწყებულია – ლუკაშენკო

Maxim Guchek/BELTA/AFP/Getty Images

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანა უკვე დაწყებულია.  

"მან [რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა] მაცნობა, რომ დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. საუბარი იყო კონკრეტულ დოკუმენტზე. იმის აღსასრულებლად, რაც ზეპირად იყო ნათქვამი. მოგვიწია შესანახი ადგილების მომზადება და ა.შ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ასე რომ, ბირთვული იარაღის გადატანა უკვე დაწყებულია". - თქვა  ლუკაშენკომ.

25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთი არასტრატეგგიულ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს, თუმცა ბირთვულ იარაღს ბელარუსს არ გადასცემს და კონტროლის გამოყენების გადაწყვეტილების უფლება ისევ რუსეთის ხელში იქნება.


მიმდინარე წლის მარტის ბოლოს მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ. 

"ჩვენ არ გადავცემთ, აშშ-ც არ აძლევს [ბირთვულ იარაღს] საკუთარ მოკავშირეებს. ჩვენ, პრინციპში, ზუსტად იგივეს ვაკეთებთ, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ. მათ [ბირთვული იარაღი] აქვთ გარკვეულ მოკავშირე ქვეყნებში და მათ გადამტანებს ამზადებენ, ამზადებენ მათ ეკიპაჟებს. ჩვენც ამავეს გაკეთებას ვაპირებთ. სწორედ ეს მთხოვა ალექსანდრ გრიგორევიჩმა (ლუკაშენკომ)". – აღნიშნა პუტინმა. 

კომენტარები