საქართველოს საპატრიარქო

ინტერნეტით შევიტყვეთ, რომ მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში ღვთისმსახურებას დაესწრო – საპატრიარქო

"არ გვქონდა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა" - ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში, კირილის ანგელოზის დღესთან დაკავშირებულ წირვაზე დასწრებას. საპატრიარქოს განმარტებით, ეს არ იყო მიტროპოლიტის ოფიციალური ვიზიტი და ის ბოლო პერიოდში "არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები".

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

"მედიასა და ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღის მისალოცად საქართველოს საპატრიარქომ გაგზავნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ:

საქართველოს საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამ დღეს ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ვიდრე ინტერნეტში არ გავრცელდა შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა.

გარდა ამისა, გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს არ ყოფილა მიტროპოლიტ ნიკოლოზის ოფიციალური ვიზიტი. უკანასკნელ პერიოდში იგი არაერთხელ სწვევია მოსკოვს კერძო და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან მას რუსეთის დედაქალაქში ჰყავს ოჯახის წევრები და სხვა ახლობლები" - აღნიშნავს საპატრიარქო.

მოსკოვის საპატრიარქოს ცნობით, საქართველოს საპატრიარქომ კირილის ანგელოზის დღეზე მოსკოვში მეუფე ნიკოლოზი გაგზავნა, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს.


რუსეთის პატრიარქი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუს სამხედროებს მხარს უჭერს და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებზე დუმს. 

პატრიარქი კირილი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მესამე მხარემ "გააჩაღა", რომელსაც არ მოსწონდა რუსეთის გაძლიერება და მის დასასუსტებლად "ძმური ერი" გამოიყენა.

კომენტარები