მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქი კირილი რომ ომს ახალისებს და აკურთხებს, არასწორი ინფორმაციაა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, ის, რომ რუსეთის პატრიარქი, კირილი ომს ახალისებს და აკურთხებს, არასწორი ინფორმაციაა. მეუფე ნიკოლოზი გუშინ, 24 მაისს მოსკოვში კირილის ანგელოზის დღეზე წირვას დაესწრო.

"პატრიარქ კირილის ანგელოზის დღე იყო და წირვაზე მიმიწვიეს. პატრიარქის ინფორმირება მე ვეღარ მოვასწარი. ამიტომ, ერთი მხრივ, პატრიარქმა იცოდა, რომ მე მოსკოვში ვარ, მაგრამ არ იცოდა, რომ ამ წირვაზე დასწრებას ვაპირებდი, შეთანხმება ვეღარ მოვასწარი. ეს მოწვევა მივიღე და გუშინ პატრიარქ კირილთან წირვას დავესწარი. ის, რომ პატრიარქი კირილი ომს ახალისებს და აკურთხებს, არასწორი ინფორმაციაა - ძალიან მარტივი მიზეზის გამო. პატრიარქ კირილის ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე თვლიან. შესაბამისად, თავის ეპარქიაში, თავის ადგილობრივ ეკლესიაში, რომელსაც მართავს, ის ვერანაირ ომს ვერ აკურთხებს, იმიტომ, რომ ყველა მისი სულიერი შვილია. ეს არის ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი და კიდევ სხვა ტერიტორიები, სადაც რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება. ბევრად უფრო მტკივნეული და მძიმე იყო პირველ რიგში 2008 წლის აგვისტოს ომი, მაგრამ, მთავარი აფხაზეთის ომი იყო, როდესაც ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ჩამოვდივართ, ვმსახურობთ, ვესაუბრებით, ამ დიალოგებს ვაწარმოებთ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგები შედეგს გამოიღებს. იმიტომ, რომ ევქარისტული კავშირის გაწყვეტა, თუნდაც ომის მიზეზით, სწორი არ არის". - თქვა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო საუბარში.

საქართველოს საპატრიარქომ კირილის ანგელოზის დღეზე მოსკოვში მეუფე ნიკოლოზი გაგზავნა. ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ, რომ მეუფე ნიკოლოზი პატრიარქ კირილის ანგელოზის დღეზე წირვას დაესწრო. მისი თქმით, ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როცა ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა. "როგორც ჩანს, კერძო ვიზიტია". - ამბობს ჯაღმაიძე.


რუსეთის პატრიარქი უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუს სამხედროებს მხარს უჭერს და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებზე დუმს. 

პატრიარქი კირილი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მესამე მხარემ "გააჩაღა", რომელსაც არ მოსწონდა რუსეთის გაძლიერება და მის დასასუსტებლად "ძმური ერი" გამოიყენა.

კომენტარები