საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პაპუაშვილი: თუ ვინმეს ქართულ დროშაზე ელეთმელეთი ემართება, 26 მაისს ქუჩაში ნუ გამოვა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა, რომელშიც მას საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშის დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.

"ამასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტება გააკეთა. საქართველოს პარლამენტის წინ 2 დროშაა აღმართული - საქართველოს სახელმწიფო დროშა და ევროკავშირის დროშა. თუ ვინმე დროშას ეძებს, თვალები გაახილოს და ამ დროშას დაინახავს. რაც შეეხება დეკორაციებს. დეკორაციები ყოველ წელს შესაბამის თემატიკას შეესაბამება. ქართული დროშის დანახვაზე თუ ვინმეს ელეთმელეთი ემართება, სახლში დაჯდეს, მშვიდად იჯდეს და 26 მაისს საერთოდ ნუ გამოვა ქუჩაში, იმიტომ, რომ 26 მაისს ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ძალიან ბევრ ქართულ დროშას დაინახავს". - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ერთობლივი წერილით მიმართავს და საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფასადზე ევროკავშირის დროშის დაბრუნებსაკენ მოუწოდებს. ოპოზიციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ ხალხის მიერაა არჩეული, ამასთან, კონსტიტუციით დადასტურებული განცხადებული ეროვნული ინტერესია. 26 მაისს გამართული ღონისძიებებიდან მისი ამოღება კი სწორედ ამ კონსტიტუციურ დავალებასა და ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ 2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, წლევანდელისგან განსხვავებით, ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი. ფოტოს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტა, თუ რატომ არ გამოფინეს ევროკავშირის დროშები. როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, თათა სვანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, წელს თემა თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულია, შესაბამისად ეს დღე ეროვნული სიმბოლიკით აღინიშნება. 

კომენტარები