საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

მთავრობა: წელს თემა თავისუფლებაა, ამიტომ დამოუკიდებლობას ეროვნული სომბოლიკით აღვნიშნავთ

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, თუ რატომ არ გამოფინეს წინა წლისგან განსხვავებით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშები. როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თათა სვანიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, წელს თემა თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულია, შესაბამისად ეს დღე ეროვნული სიმბოლიკით აღინიშნება. 

"იყო წელი, როდესაც აღვნიშნავდით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და მაშინ, არა თუ ევროკავშირის დროშა, საქართველოს დროშაც კი არ იყო გამოფენილი და მხოლოდ და მხოლოდ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებით გაფორმებული გახლდათ ადმინისტრაციული შენობები შეფუთული. ჩვენ 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე აღვნიშნეთ, მაშინ ძირითადი თემა გახლდათ დამოუკიდებლობის აქტი და ა.შ. წინა წელს გახლდათ თემა-  ევროპისკენ, როდესაც განაცხადი გაკეთდა სწორედ კანდიდატობაზე. რაც შეეხება წლევანდელ წელს რადგან გვაქვს თემა თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულით, საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ იმ არაჩვეულებრივი ეროვნული სიმბოლიკით, რომლითაც საოცრად გამოიყურება როგორც დედაქალაქი, ისე მუნიციპალიტეტები".- თქვა თათა სვანიძემ. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ 2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, წლევანდელისგან განსხვავებით, ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი. ფოტოს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. 

26 მაისს, 10:30 საათზე ევროკავშირის დროშებით რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტამდე მსვლელობა "საქართველო ირჩევს ევროპას!" დაანონსდა. ამასთან, პარლამენტის შენობის EU-ის დროშების გარეშე გაფორმებას გამოეხმაურა პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძეც, რომელმაც ასევე  დროშებით მსვლელობა დაანონსა და მოქალაქეებს 15:00 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდა.

კომენტარები