"დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს. რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან ჩემთან.
რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა. რატომ ვზეიმობთ, როცა დღითი დღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რატომ ვზეიმობთ, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი, რატომ ვზეიმობთ - ეს კითხვა ყველას გვაქვს და ჩემი თქვენი პასუხია, რომ ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ.
უკვე გამარჯვებული ვართ, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე საქართველომ ყველაფერს გაუძლო და მოვიდაა დღემდე. უკვე გამარჯვებულები ვართ, იმიტომ, რომ 117 წლის შემდეგ, 1918 წელს საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენობა.
გამარჯვებულები ვართ, იმიტომ, რომ ოკუპაციის 70 წლის შემდეგ, მცდელობის რომ გამქრალიყო საქართველოს სახელმწიფო და იდენტობაც კი, საქართველომ აღიდგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს.
იმიტომ ვართ გამარჯვებულნი, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ დამოუკიდებლობის დაბრუნება.
ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, რაც საქართველო დგას ქუჩაში და იდგა ყოველთვის, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ.
იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი, დგას დღეს, უკვე 7 თვეა არჩევნების შემდგომ და 6 თვე იმის მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და გამარჯვებულია ამიტომ.
გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა. იმიტომ რომ არცერთმა მშობელმა თავისი შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები.
ამიტომ ვართ გამარჯვებულები უკვე და გვაქვს უფლება, რომ დღეს აქ ყველამ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი.





