რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ მოხალისეთა კორპუსი: კიდევ ერთხელ შევაღწიეთ რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლით, ან უჩუმრად

რუსულ მოხალისეთა კორპუსის (РДК) წარმომადგენლები იუწყებიან, რომ კვლავ შეიჭრნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Telegram-ზე ავრცელებენ. ვიდეოში ფონად ჩანს რუსეთის ფოსტა. 

"აბა, მეგობრებო! რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა ისევ შეუძლებელი შეძლო. დავუბრუნდით სამშობლოს! მტკიცებულებას ჩემ უკან ხედავთ. კიდევ ერთხელ შევაღწიეთ რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლით, ან უჩუმრად. ამას აღარ აქვს მნიშვნელობა". - ამბობენ ვიდეოში.  

მოხალისეთა კორპუსი რუსეთს მომდევნო მოქმედებებისთვის აფრთხილებს:

"დაგველოდეთ, თქვენს ქალაქშიც მოვალთ!" 

РДК-ს ამჟამინდელი ადგილმდებარეობა და ვიდეოს ჩაწერის ზუსტი ადგილი უცნობია. 


22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, ზოგიერთ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ტანკიც ჩანს, თუმცა ამ დრომდე არ დასტურდება შეესაბამება თუ არა ეს კადრები რეალობას. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, გაანადგურეს 70-ზე მეტი დივერსანტი. როგორც ირწმუნებიან, "კონტრტერორისტული ოპერაციის" ფარგლებში, ავიაციის, არტილერიისა და დამატებითი სამხედრო ძალების მეშვეობით, გზა გადაუჭრეს და გაანადგურეს "ნაციონალისტების" ჯგუფები, ვინც უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნება შეძლო, მათი მიმართულებით გააგრძელეს სროლა, "სრულ ლიკვიდაციამდე".

კომენტარები