აშშ-რუსეთი

რუსეთმა ბარაკ ობამას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-ს 500 მოქალაქეს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთმა აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი სანქციების საპასუხოდ მიიღო. 

ასევე, სამინისტრომ უარი განაცხადა აშშ-ს მოთხოვნაზე, რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩისთვის საკუნსულო მომსახურების გაწევის შესახებ. 

განცხადებაში ამის მიზეზად დასახელდა აშშ-ს უარი ვიზის გაცემაზე ჟურნალისტებისთვის, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთად ნიუ იორკში უნდა გამგზავრებულიყვნენ.

"ვაშინგტონს დიდი ხნის წინ უნდა ესწავლა, რომ არცერთი მტრული თავდასხმა რუსეთის წინააღმდეგ არ ჩაივლის დაუსჯელად". – ვკითხულობთ განცხადებაში.

The Wall Street Journal-ის რეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით 30 მარტს დააკავეს. 

7 აპრილს სენატის რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა, მიჩ მაკკონელმა და ჩაკ შუმერმა გერშკოვიჩის დაკავება მკაცრად დაგმეს.

"ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. მოვითხოვთ, ბატონ გერშკოვიჩის წინააღმდეგ უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებების მოხსნას და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას". - ნათქვამია მათ განცხადებაში.

რუსეთის FSB-ის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ "უკანონო საქმიანობა" შეაჩერეს. ჟურნალისტი დააკავეს, როცა "ამერიკული ინსტრუქციებით მოქმედებდა". 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით The Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის დაკავებას სრულიად უკანონო უწოდა

"ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ სრულიად უკანონოა ის, რაც ხდება. ამის პირდაპირ გამოცხადება ცვლის დინამიკას". - თქვა ბაიდენმა. 

"შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები, მაგრამ სასჯელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის სასამართლო მიიღებს [...] მე არ მესმის, რა ცვლილებები მოაქვს და რას ნიშნავს ეს ნაბიჯი [აშშ-ის დეპარტამენტის კომენტარი]. ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ს ყოველთვის შეეძლო თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვა" - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერის თქმით, გერშკოვიჩი დაიჭირეს, რადგან მან დაარღვია შესაბამისი რუსული კანონი, თუმცა საბოლოო განაჩენს ამის შესახებ რუსული სასამართლო გამოიტანს.

კომენტარები