რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვაგნერისა და უკრაინელების ცნობებით, რუსეთის ჯარის სამხედროები ბახმუტის ფრონტზე უკან იხევენ

YASUYOSHI CHIBA/AGENCE FRANCE-PRESSE/GETTY IMAGES

უკრაინის მიერ დაანონსებული ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის წინ, უკრაინის სამხედრო ძალებისა და რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ცნობებით, უკრაინელებმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბახმუტის ფრონტზე ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად დაახევინეს უკან.

ფრონტთან მყოფი უკრაინელი სამხედროების თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მიმდინარე ყველაზე სასიკვდილო სახმელეთო ბრძოლაში რუსეთის ნელი მიღწევების შემდეგ მკვეთრად წარმატებული უკრაინული შეტევის შეჩერებას რუსული ძალები ფრონტის წინა ხაზზე მისასვლელი, მომარაგებისთვის განკუთვნილი გზების დაბომბვით ცდილობენ.

“ახლა, უმეტესწილად, მას შემდეგ რაც დაწინაურება დავიწყეთ, ისინი ფრონტისკენ მიმავალ ყველა გზას ბომბავენ, რომ ჩვენმა ჯავშანმანქანებმა ვერ შეძლონ უფრო მეტი ქვეითი ჯარისა და საბრძოლო მასალის ტრანსპორტირება”. - თქვა პეტრო პოდარუმ, უკრაინული საარტილერიო ქვედანაყოფის მეთაურმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ფრონტის ზოგიერთ ნაწილში უკრაინელები ერთ მილზე მეტითაც დაწინაურდნენ.

აქამდე ბახმუტის ფრონტზე უკრაინული ძალები ნახევარი წლის განმავლობაში იცავდნენ თავს მოსკოვის მიერ წარმოებული უზარმაზარი შეტევისგან, რომელსაც რუსებისთვის საგრძნობი წინსვლა არ მოუტანია.

ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი სამხედროები უშუალოდ ქალაქ ბახმუტში წინ მიიწევენ, თუმცა დასძენს, რომ რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები ქალაქის ჩრდილოეთით და სამხრეთით საკუთარ პოზიციებს ტოვებენ და ფლანგებს აშიშვლებენ, რის გამოც ვაგნერს უკრაინული ჯარის ალყაში მოხვედრა ემუქრება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ ბახმუტის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან გარკვეული უკანდახევა აღიარა, მაგრამ უარყო პრიგოჟინის მტკიცება რომ ფრონტზე ფლანგები იშლება, ან რომ ვაგნერს საბრძოლო მასალას არ აწვდიან.

კომენტარები