ცხრამუხის დედათა მონასტერი

მონაზვნის გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებულებს 20-20 წელი მიესაჯათ

ინტერპრესნიუსი

ცხრამუხის დედათა მონასტერში, ერთ-ერთი მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებასა და ყაჩაღობაში ბრალდებულ ორ პირს თავისუფლების 20-20 წლით აღკვეთა მიესაჯათ. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ყაჩაღობის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო და 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი მონაზონს თავს დაესხა. ბრალდებულებმა დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, ეკლესიიდან შესაწირი ყუთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 2022 წლის 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და მათ სასჯელის სახედ და ზომად 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

შემთხვევა დედათა მონასტერში 26 ნოემბერს მოხდა. მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ უცნობებს მონაზონმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და გააუპატიურეს. 70 წლის ქალი კლინიკაში მკურნალობდა. საქმეზე შსს-მ  წარსულში ნასამართლევი ორი ადამიანი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავა.  

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის აზრით, ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე ძალადობა და მისი გაუპატიურება ზოგიერთი მედიისა და კრიტიკოსების მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის შედეგია, რომელიც "მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს". 

კომენტარები