რუსეთი-საქართველო

წულუკიანი რუსეთთან ფრენებზე: ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიკეთო და სამართლიანია

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. წულუკიანის თქმით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სამართლიანი და სასიკეთოა.

"ჩვენი მოქალაქეების იმ დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, რომლებიც კვლავ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, შეიძლება, ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის მხოლოდ და მხოლოდ სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს. ასევე, მთავარია ის, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში, ჩვენ დავიცვათ ის სანქციები, რაც მოქმედებს [...] თითოეული ბორტი, ხომალდი და ავიაკომპანია მკაცრ კონტროლს გაივლის და ჩვენს საჰაერო სივრცეში მოძრაობა მხოლოდ მათ შეეძლებათ, რომლებიც სანქციებს დაქვემდებარებულები არ არიან". - თქვა წულუკიანმა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

პუტინის განკარგულების შემდეგ, ავიაკომპანია Georgian Airways-მა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ავიანიუსთან კომპანიის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ისაუბრა.

"ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენი მთავრობაც პოზიტიურად არის განწყობილი. ბოლოს და ბოლოს ეროვნული მთავრობაა, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს". – აღნიშნავს გაიაშვილი ავიანიუსთან.

რუსული მედია РБК- საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მომავალი კვირიდან რუსული ავიაკომპანია Azimuth-ი და Georgian Airways-ი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავენ. ამავე ინფორმაციით, ფრენები ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დაიწყება. 

"Azimuth-ს ვნუკოვოდან თბილისის მიმართულებით ფრენები 16 მაისიდან შეუძლია, Georgian Airways-ს კი – 18 მაისიდან". – წერს რუსული მედია.  

კომენტარები