საქსტატი

2022 წელს წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 3.4%-თ შემცირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოში უმუშევრობის დონე 3.4%-თ შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა. 

2022 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1%-ით  გაიზარდა და 51.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.1 %-ითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 44.1 პროცენტს და 41.5 პროცენტს შეადგენს.

2022 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით.  წინა წელთან შედარებით 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად 6.2, 5.3 და 5.2 პროცენტით. 

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.2%-ით, ხოლო კაცებში - 3.5%-ით . 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.1 და 3.1 პროცენტული პუნქტით.

2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი, ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (3.6 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

კომენტარები