იაპონია-ჩინეთი

G7-ის სამიტისთვის მზადების პარალელურად, ჩინური ფლოტილია იაპონიის გარშემო დაცურავს

Fu Tian/China News Service/VCG/Getty Images

იაპონიაში გასამართი დიდი შვიდეულის სამიტისთვის მზადებისა და ტაივანის გარშემო მზარდი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის საზღვაო ფლოტილია, რომელსაც Type 055 მართვადი რაკეტების გადამტანი გამანადგურებელი Lhasa ხელმძღვანელობს, სამხედრო ძალის დემონსტრირების მიზნით უკვე მე-12 დღეა იაპონიის მთავარი კუნძულების გარშემო დაცურავს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ 11 მაისს გაავრცელა რუკა, რომელზეც ჩანს საათის ისრის მიმართულებით მოძრავი, ოთხი გემისგან შემდგარი ფლოტილია. ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სამხედრო ხომალდ Type 055 Lhasa-სთან ერთად ფლოტილიაში შედის უფრო მცირე გამანადგურებელი, ფრეგატი და მომარაგების გემი.

რუკის მიხედვით, ფლოტილიამ მოძრაობა 30 აპრილს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის არსებულ ცუშიმას სრუტიდან დაიწყო, 5 და 6 მაისს გაცურა ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარე ცუგარუს სრუტეში, ხოლო 11 მაისს ტოკიოს სამხრეთით, იზუს კუნძულთა ჯაჭვთან იმყოფებოდა.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რუკის კვალდაკვალ, ჩინურმა სახელმწიფო მედია Global Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფლოტილიის მოგზაურობა ტაივანთან დაკავშირებით "იაპონიის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ შენიშვნებს" უკავშირდება.

10 მაისს, Nikkei Asia-სთან ინტერვიუში იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ თქვა, რომ "ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც".

იმავე დღეს, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშიმასა ჰაიაშიმ თქვა, რომ ჩინეთის ელჩის კომენტარის გამო, რომლის მიხედვითაც იაპონია "ცეცხლში გაეხვევა" თუ ტაივანის საკითხს საკუთარ უსაფრთხოებას დაუკავშირებს, ტოკიომ პეკინს პროტესტის მესიჯი გაუგზავნა.

10 მაისს ჰაიაშიმ ასევე იაპონიასა და NATO-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც იაპონია გახდება პირველი აზიური ქვეყანა, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეკავშირეო ოფისი გაიხსნება.

ჩინეთის საზღვაო ფლოტილია იაპონიის გარშემო აქამდეც აქტიურად აწარმოებდა წვრთნებს და საზღვაო შემოვლებს. მათ შორის ყველაზე საყურადღებო იყო 2021 წლის ოქტომბერში იაპონიის ზღვაში რუსეთის გემებთან ერთად გამართული საზღვაო წვრთნები, რომელშიც 10 სამხედრო ხომალდი მონაწილეობდა. სავარაუდოა, რომ ჩინეთის აქტიურობა მის მიმდებარე წყლებში კიდევ უფრო გაიზრდება.

G7-ის სამიტი იაპონიაში 19 მაისს დაიწყება.

კომენტარები