ალექსანდრ ლუკაშენკო

მედია: ლუკაშენკო მოსკოვში გამართული 9 მაისის პარადიდან მინსკში ნაჩქარევად დაბრუნდა

ალექსანდრ ლუკაშენკო 2023 წლის 9 მაისის პარადზე მოსკოვში.
ТАСС

ბელარუსულენოვანი მედიის, Наша Ніва-ს ინფორმაციით, ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში ნაჩქარევად დაბრუნდა. როგორც გამოცემა ვარაუდობს, ეს შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ბრალია. 

როგორც Наша Ніва წერს, ალექსანდრ ლუკაშენკომ უარი თქვა დასწრებოდა 9 მაისის აღსანიშნავი პარადის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და დსთ-ს ქვეყნის რამდენიმე სხვა ლიდერთან ერთად გამართულ სადილს. ამას გარდა, გამოცემა წერს, რომ ლუკაშენკო პუტინთან და კრემლის სხვა სტუმრებთან, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად ალექსანდრეს ბაღში ფეხით არ გადასულა და მანქანით მიიყვანეს.

ამას გარდა, Наша Ніва გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ლუკაშენკოს მარჯვენა ხელი შესაძლოა შეხვეული ჰქონოდა. 

მედია ლუკაშენკოს გამომეტყველებასა და ფაქტებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონოდა.

ლუკაშენკოს ბელარუსში დაბრუნების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. არც კრემლის პრესსამსახური და არც რუსული სამთავრობო მედიები არ აქვეყნებენ ინფორმაციას, თუ რა იყო დაგეგმილი პუტინისა და მისი სტუმრების მიერ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ყვავილების დაწყობის შემდეგ. 

კომენტარები