კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 9 მაისის წინ ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე მიულოცა დსთ-ს ქვეყნების: აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტ მმართველებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს.
როგორც კრემლი იუწყება, მილოცვაში პუტინმა აღნიშნა, რომ ამ დღეს პატივს მიაგებენ ყველას, ვისმა "უბადლო საქმეებმა ბრძოლის ველზე და თავდაუზოგავმა შრომამ ფრონტის უკან, შესაძლებელი გახადა ნაცისტი დამპყრობლების დამარცხება და მშობლიური მიწისთვის თავისუფლების შენარჩუნება".
"დღეს ჩვენი მორალური ვალია წმინდად შევინარჩუნოთ ჩვენი მამებისა და პაპების მიერ გადმოცემული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დავუშვათ დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორიული სიმართლის დამახინჯება, ისევე, როგორც ნაცისტების, მათი თანამზრახველებისა და სხვა იდეოლოგიური მემკვიდრეების გამართლება". – ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
მილოცვაში პუტინი ამბობს, რომ გამარჯვების "სულიერი მემკვიდრეობა გააგრძელებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის განმტკიცებასა და ნაყოფიერ განვითარებას".
9 მაისს მოსკოვში გამარჯვების დღის აღნიშვნის ღონისძიებას სავარაუდოდ ყირგიზეთის, სომხეთისა და ყაზახეთის ლიდერები დაესწრებიან.
რუსეთმა რამდენიმე ქალაქში დაგეგმილი ღონისძიება უკრაინის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შიშით გააუქმა.





