ღარიბაშვილი უნგრეთში

ბოკერია ღარიბაშვილზე: სრული სიცრუეა, რომ კონსერვატიულ ღირებულებებს შეტევებისგან იცავს

საქართველოს პრემიერმინისტრის მთავარი გზავნილი ნებისმიერ საერთაშორისო ტრიბუნაზე დღეს უნდა იყოს ის, რომ საქართველო იმსახურებს NATO-ს წევრობას, რათა იყოს თავისუფალი სამყაროს ქოლგის ქვეშ და ეს დასავლეთსაც სჭირდება. [მთავარი გზავნილი უნდა იყოს], რომ გვჭირდება მხარდაჭერა დეოკუპაციაში, რომ რუსეთიდან საფრთხე მხოლოდ ჩვენთვის და უკრაინისთვის კი არ არის, მათთვისაც არის და ამიტომ საჭიროა მყარი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. მით უმეტეს, როცა გამოდიხარ იმ აუდიტორიის წინაშე, რომელზეც ცნობილია, რომ NATO-ს გაფართოების წინააღმდეგია, რუსეთთან დაპირისპირებას არ უჭერს მხარს. 

სანაცვლოდ, ამ კაცის მთავარი გზავნილი იყო, ვითომ ის საქართველოში იცავს კონსერვატიულ ღირებულებებს ექსტრემისტების შემოტევისგან, რაც არის სრული სიცრუე. ეს კაცი არის სოციალისტური გაერთიანების წევრი პარტიის ლიდერი და იქ კონსერვატორებს ატყუებს, რომ კონსერვატორია, აქ კი ჩვენს საზოგადოებას ატყუებს, ვითომ რაღაც დიდი ევროპული დისკუსიის მონაწილეა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს ეროვნულ მყისიერ საფრთხეებთან. სინამდვილეში, ამ ტრიბუნას არ იყენებს საქართველოს ინტერესებისთვის, ირიბად იყენებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. 

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უნგრეთში მიმდინარე  კონსერვატორთა კონფერენციაზე პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას

კომენტარები