ლაზარე გრიგორიადისის საქმე

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. არსებითი განხილვა 8 მაისს დაიწყება.

პირველი მაისის წინასასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულის მიმართ შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა, დაცვის მხარემ კი - 20 000-ლარიანი გირაო.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

კომენტარები